Thursday, April 26, 2012

ქორწილის ტრადიცია


ქორწილი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განსხვავებულია ამ დღის აღნიშვნის წესები სხვადასხვა ერის ადამიანებში. ქართველებს კი როგორც ერთ-ერთ უძველეს ხალხს, თავისი ხასიათისა და ცხოვრების წესის შესაბამისი საქორწილო რიტუალი, წეს-ჩვეულებები შეუქმნიათ და პოეზია შეუმუშავებიათ.
ქართული საქორწინო ცერემონიალი რამდენიმე საფეხურს ითვალისწინებდა: დაკვლევა-გარიგება; დაწინდვა ანუ ნიშნობა; საპატარძლოსთან გამოთხოვება; ქორწილი და პატარძლის სამუშაოზე გაყვანა.
დაკვლევა-გარიგების ტრადიცია ძველთაგანვე ჩამოყალიბებულა. ქალების დაკვლევის შესაძლებლობა ახალგაზრდა ვაჟებს ჰქონდათ ქორწილში, სამგლოვიარო ცერემონიალზე, ყანის მკისა და პურის ლეწვისას, წყაროდან წყლის მოტანისას… ეს ქალ-ვაჟთა ურთიერთ მოწონების უშუალო პროცესი გახლდათ. ამის პარალელურად არსებობდა გარიგება, როცა წინამძღვარი, ანუ მაჭანკალი, აქორწინებდა ზოგჯერ სრულიად უცნობ და ერთმანეთის უნახავ ახალგაზრდებს. მაჭანკალი ქალ-ვაჟის მშობლებს აცნობდა ერთმანეთის ქონებრივ მდგომარეობას, წარმომავლობას, ჯიშ-ჯილაგს, ქალის მზითევის რაობას და ა.შ. აღნიშნული ტრადიცია ხალხური ლექსითაა გაკიცხული:
კაცი თუ ვარგა, ჯილაგი ნეტა რა საძებარია?
თუ თვით არ ვარგა, სუყველა ფუჭი და საცინარია.
აკვანში დანიშვნის ტრადიცია კი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული. ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილი მშობლები დანათესავების სურვილით ნიშნავდნენ უკვე მოზრდილ ბავშვებსაც. ეს ტრადიცია ზოგჯერ უკონფლიქტო ქორწინების საფუძველს ქმნიდა, მაგრამ იყო სისხლისღვრისა და პიროვნული ტრადიციების საბაბიც. გაზრდილი ქალ-ვაჟი ხშირად შეუძლებლად მიიჩნევდა მშობლების ნების აღსრულებას, რაც არასასურველი შედეგით მთავრდებოდა.
ძველად ქალის დანიშვნისათვის გამოიყენებოდა ტყვია, ჯოხი, ისარი, დამბაჩა, ხანჯალი, ყვავილი, ვაშლი, ქუდი და სხვ. ამასთან, რადგან პატრიარქალური ყოფა ქალისგან დიდ შრომას და შესაბამისად, ენერგიას მოითხოვდა, საპატარძლოს ჯან-ღონით სავსეს და საქმიანს არჩევდნენ.
ქორწინება სამეურნეო მნიშვნელობის საზოგადოებრივი აქტი იყო. ეთნოგრაფიული ლიტერატურის თანახმად, გვარის, ოჯახის გამაერთიანებლად ითვლებოდა კერის კულტი, კერა იყო მარადიული ცეცხლის სიმბოლო. ქრისტიანული ჯვრისწერის დამკვიდრებამდე ნეფე-დედოფალს კერის გარშემო შემოატარებდნენ და გვირგვინს უკურთხებდნენ ვაჟის სახლშიც და ქალთანაც. ცერემონიალი წარმართული ხანიდან მომდინარეობდა და სიმღერის თანხლებით სრულდებოდა. კერისა და შუა ცეცხლის გარშემო შემოტარებით მექორწინენი ასრულებდნენ მაგიურ ქმედებას, რომლის მიზანსაც ავი თვალისგან დაცვა წარმოადგენდა.
ქართული საქორწილო რიტუალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დეტალს წარმოადგენდა მექორწინეებისათვის თავზე ხორბლის მარცვლების გადაყრა და პატარძლისათვის კალთაში პატარა ბიჭის ჩასმა. ამ ქმედებათა კვალი დღევანდელ სინამდვილეშიცაა ნაწილობრივ შემორჩენილი. საქორწილო ცერემონიალის ერთ საინტერესო მომენტს წარმოადგენდა ასევე მშობლიურ კერასთან პატარძლის გამოსამშვიდობებელი რიტუალური ტირილი.
ქორწილის ერთი თვის შემდეგ პატარძალი წყალზე გაჰყავდათ, რითაც იწყებოდა მისი გარესამუშაოებზე დასაქმება. ქალი ამით პატარძლობას ასრულებდა და ოჯახის დიასახლისობას იწყებდა. დღეს კი ეს წესი არათუ შეცვლილი ფორმით, არამედ საერთოდ აღარ გვხვდება.
საქორწინო სიმღერათა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს “მაყრული’”. მაყრები ნეფესაც ჰყავდა და დედოფალსაც. თამაშდებოდა პატარძლის დამალვა, ვაჟის მაყრების მიერ პატარძლის ჯერ მოძებნა, შემდეგ გამოსყიდვა. სიძის საცემრად ქალის მაყრების გაწევა, ნეფის გვირგვინის ტალახში ამოსვრის ცდა, ვაჟის მაყრების “აწიოკება” უძველესი საქორწილო რიტუალის ნაშთია, ხის ჯვარზე ასხმული ვაშლების მსგავსად, რაც აყვავებას გულისხმობდა. სასიძო გამოიცდებოდა გონებამახვილობასა და სიბრძნეში. მრავალფეროვანია მაყრული სიმღერებიც.
მაყართა შორის მნიშვნელოვანია მახარობლის როლი. ის თოფის სროლითა და ყიჟინით ჯერ ნეფის მოსვლას ახარებს პატარძლის ოჯახს, შემდეგ კი ვაჟის სახლში მიდის. მახარობელს საჩუქარი სჭირდება.
პატარძალს კარგი ფეხი უნდა ჰქონდეს და ახალ ოჯახში ბედნიერება უნდა შემოიტანოს. დამხვდურები კი მას ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ახალმა რძალმა გვარი უნდა გაამრავლოს.
იუმორი, სიცილი, სიმღერა, ცეკვა-თამაში საქორწინო ცერემონიის აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ. ქართული დალოცვა – სადღეგრძელოების მთავარი თემა კი ცხადია, ნეფე-პატარძალია. აქებენ მათ მშვენიერებას, ვაჟკაცობას, ზრდილობას, გონიერებას, უსურვებენ გამრავლებასა და ბედნიერებას.
ბუნებრივია, დღეს არც საქორწილო ცერემონიალია ისეთი, როგორც ძველ საქართველოში იყო და არც შესაბამისი საქორწილო პოეზია.

ქართული ხალხური სიმღერა

ქართველმა ხალხმა საუკუნეთა განმავლობაში თვითმყოფადი ეთნიკური კულტურა (ტრადიციები, წეს-ჩვეულებები) შექმნა. ყველა მათგანი ორიგინალობით გამოირჩევა. ამასთანავე, ჩვენი წინაპრები იზიარებდნენ მსოფლიო ხალხთა კულტურულ მიღწევებს და ყველა რეალიას შემოქმედებითად ამუშავებდნენ. მაგრამ თუ რამით შეუძლია ქართველმა ხალხმა იამაყოს, ესენია ქართული ხალხური მუსიკა და ქართული ხალხური ცეკვები. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ქართული ხალხური მუსიკის გაცნობისას, პირველ რიგში, ადამიანს თვალში ხვდება მის სახეთა სიმდიდრე და მრავალფეროვნება. ქართული ხალხური მუსიკა შეიცავს ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკის უძველეს ნიმუშებს (როგორც აღნიშნავენ, ის უაღრესად არქაულია). რუსი მუსიკათმცოდნე ვ. ბელიაევი წერდა: `საქართველოს ხალხური მუსიკალური ხელოვნების ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ორგინალური, ნატიფად დამუშავებული გუნდური მრავალხმიანობის არსებობა, რომელიც ასევე გამოყენებულია საეკლესიო მუსიკაში, რომლის წიაღშიც X საუკუნეში წარმოიქმნა ეროვნული მუსიკალური დამწერლობა~. ქართული მუსიკალური ფოლკლორი მდიდარია ჟანრობრივადაც. ის მოიცავს შრომითი, საყოფაცხოვრებო, საწესჩვეულებო, საქორწილო, ისტორიულ, საგმირო, სასიყვარულო, სახუმარო, საფერხულო სიმღერებს, შაირებს, მოთქმა-ტირილს. ყველა თავისი მრავალფეროვნებით ეს ჟანრი სამ ხმაში იმღერება. ჩვენამდე მოღწეული ორხმიანი სიმღერები, უპირატესად, შრომითი, საწესჩვეულებო, საფერხულო, საცეკვაო სიმღერებია. 

ნადირობის ტრადიცია

საქართველოში ნადირობის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რაზეც განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს. როგორც თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთებზე გამოსახული ნადირისა და ნადირობის სცენების მიხედვით ირკვევა, ნადირობას იმ დროინდელ საქართველოში კოლექტიური ხასიათი და სამეურნეო მნიშვნელობა გააჩნდა. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კიბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში.
ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა. გვარცელებული იყო ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია. როგორც ჩანს მან შეისწავლა სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და სემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი“– წერს იგი. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ.
მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში. მიმინოებს აქ ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ. ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი სეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი – ჩხარტისფერი. ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო მამალს –გეზელა ექოდებოდა. ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ ფრინველს ენიჭებოდა.
ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას.
ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე). არსებობდა ნადირის შესაკრები სპეციალური ადგილები, სადაც თავს მოუყრიდნენ სანადირო ცხოველის ჯგუფს.
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
მონადირეობა საქართველოში გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს. ასეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ძველი ქართული სანადირო ტერმინოლოგიაც.

სუფრის ტრადიცია

ქართულ სუფრას თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს, რომლებიც ყველა კუთხეში განსხვავებულია. გავეცნოთ რამოდენიმე მათგანს:


     გურულების სუფრის ყველაზე დამახასიათებელ სადღეგრძელოდ უმთავრესად, პირველი, ანუ მშვიდობის სადღეგრძელოა მიჩნეული. მშვიდობის არსის ესოდენი გაიდეალება გურიაში, უპირველეს ყოვლისა იმაზე მიუთითებს, თუ როგორ მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი მშვიდობა ამ ხალხს. მართლაც და, განა ჩვენი ქვეყნის სხვა მხარეებში ნაკლებად სურდათ მშვიდობა? განა სხვა კუთხეებში, თუნდაც იგივე ქართლში, კახეთში, ან თუნდაც მესხეთ – ჯავახეთში გურიაზე ნაკლები ბრძოლა და უბედურება ტრიალებდა? მშვიდობის არსი კი, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად გურულებმა გაიგეს და გაითავისეს. გურული კაცის აზრით, სასმელი (უფრო მეტად არაყი) რაც უნდა ძლიერი იყოს, გურულ დიალექტზე რომ ვთქვათ, რაც უნდა ”გჭყანავდეს” და თუნდაც მხოლოდ სამი ჭიქის დალევა შეგეძლოს, ამ სამიდან ერთი აუცილებლად მშვიდობისა უნდა დალიოთ, რადგან მშვიდობა ყველაზე მაღლა დგას.
გურიაში გარდაცვლილებსაც განსაკუთრებით მოიგონებენ, რადგან იციან, რომ ასეთ წესზე გაზრდილი უმცროსი თაობაც მათ მიბაძავს და როდესაც უფროსები გარდაიცვლებიან, არც მათ დაივიწყებენ სიკვდილის შემდეგ.
     კახურ სუფრაზე თამადის დატვირთვა და მნიშვნელობა განუზომელია. ბევრის აზრით, კახურ სუფრაზე თამადა დიქტატორია. მისი სადღეგრძელოები მთელი სუფრის განმავლობაში ყველამ (მამაკაცებმა) უნდა შესვას. თუ ეს ასე არ მოხდა, ანუ ”კონტროლი დაირღვა”, მაშინ კახელი თამადა, თავს მოვალედ ჩათვლის, სუფრის წევრს უბრძანოს ”დანებების” ნიშნად ”თითი მოკაკვოს”. კახური სუფრა, როგორც წესი, მარათონია სმაში, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ იქ წარმოთქმული სადღეგრძელოები ქართული ისტორიული ტრადიციების გაგრძელება არ იყოს. თუკი სადმე შემონახულია სადღეგრძელოების უძველესი კულტურული სახეები, ეს უპირველეს ყოვლისა, კახეთშია.
შემთხვევითი სულაც არა არის, შესანიშნავ ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში ”ღვინის ქურდებში”, კახელი მწყემსები პატარების დალოცვისას წიწილას რომ ისვამენ ხელისგულზე და მისი თამადობით სვამენ ამ სადღეგრძელოს. ეს მხოლოდ მეტაფორა ნამდვილად არ არის. კახეთი, მოგეხსენებათ ისტორიულად მუდამ მტრისგან განადგურების საფრთხის წინაშე იდგა და იქ დაბადებული ყოველი პატარა არსება (თუნდაც წიწილა) მიიჩნეოდა, როგორც ახალი იმედის დაბადება. ასევე ლადო ასათიანის ლექსში ”ლხინი კახელებთან” ძალზე კარგადაა ასახული ასათიანის, ლეჩხუმელი კაცის თვალით დანახული კახური სუფრა – სადღეგრძელოების მთელი ეს განსაკუთრებულობა, რაც დღეს პირუთვნელი სახითაა შემორჩენილი ზოგან. კახეთში ხომ სმაში შეჯობრის გარდა, სადღეგრძელოების ლაზათიანად და შთამბეჭდავად თქმაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კაცები.
     ყველასთვის კარგადაა ცნობილი იმერული სტუმართმოყვარეობა და იმერული სუფრის მართლაც რომ განსაკუთრებული ხიბლი. გამოთქმაც არის ასეთი: ”იმერეთში ერთი ქეიფი, ხონთქრის ას წყალობას უდრისო”. იმერეთში სადღეგრძელოები მეტად თავისებური და ორიგინალურია. სუფრა სტუმრების დალოცვით იწყება და ოჯახის (ანუ მასპინძელთა) დღეგრძელობით მთავრდება. ეს თავისთავად ძალზე განსაკუთრებული ფენომენია. სუფრის გაშლის მთავარ მიზეზად სტუმრიანობის მიჩნევა ერთგვარად სტუმრის დაფასების დიდ ტრადიციას გულისხმობს, ხოლო ოჯახის ბოლოს დალოცვა მასპინძლის მხრიდან თავმდაბლობის მაჩვენებელია, ანუ ნაგულისხმევია, რომ ”კი ბატონო, მე, როგორც მასპინძელ;მა გავშალე სუფრა, მაგრამ აქ, შენ, სტუმარი, უფრო მნიშვნელოვანი ხარ, რადგან შენ რომ არ ყოფილიყავი, არც არაფერი იქნებოდაო”.
იმერეთში, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, რა თქმა უნდა განსაკუთრებულ სადღეგრძელოებს დიდი სასმისებით სვამენ, მაგრამ კახეთისგან განსხვავებით იქ სმაში ურთიერთშეჯიბრი შედარებით იშვიათია. იმერეთში სუფრა, უპირველეს ყოვლისა, მხიარულება-გართობის შესაქმნელ ატრიბუტადაა აღქმული, ამიტომ სასმელი, როგორც გუნება-განწყობის გამოსაკეთებელი ფენომენი, ისე მიიჩნევა. სუფრის სამხიარულო განწყობის შექმნის სურვილი იმერლებისთვის დამახასიათებელ სუფრის სადღეგრძელოებშიც შეინიშნება და თამადაც ყოველთვის ცდილობს, არ მოაწყინოს თანამესუფრეები, თუნდაც სადღეგრძელოთა მრავალფეროვნებით (სიმღერის და ცეკვის ნება).

ფოტომასალა






ტრადიციები საქართველოში

საქართველო დიდი ისტორიის მქონე ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისად დიდი კულტურა და მრავალფეროვანი ტრადიციები აქვს. მართალია დროთა განმავლობაში ბევრი ტრადიცია წარსულს ბარდება, მაგრამ ძირითადი ელემენტები მაინც შემონახულია. მოდით გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.