Thursday, April 26, 2012

ნადირობის ტრადიცია

საქართველოში ნადირობის ტრადიცია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რაზეც განათხარ ძეგლებში ნაპოვნი ძვლოვანი მასალა მოწმობს. როგორც თრიალეთის პეტროგლიფებსა და ბრინჯაოს განათხარ ნივთებზე გამოსახული ნადირისა და ნადირობის სცენების მიხედვით ირკვევა, ნადირობას იმ დროინდელ საქართველოში კოლექტიური ხასიათი და სამეურნეო მნიშვნელობა გააჩნდა. სანადირო ფაუნისა და ნადირობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ წერილობით წყაროებში, განსაკუთრებით ვახუშტის თხზულებებში.
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კიბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში.
ძველ საქართველოში სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ–ისარი, რომელიც ქართული ხალხური წესებით მზადდებოდა. გვარცელებული იყო ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. მე–17 საუკუნის 70–იან წლებში, ფრანგი მოგზაური ჟან–შარდენი საქართველოს ეწვია. როგორც ჩანს მან შეისწავლა სამეგრელოში ნადირობის წესები: „ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და სემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძება იყოს მტაცებელი ფრინველი“– წერს იგი. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ–ექვს დღეში იშინაურებენ.
მტაცებელი ფრინველით ნადირობა გავრცელებული ყოფილა გურიაში. მიმინოებს აქ ფერისა და მჭირავნობის მიხედვით არჩევდნენ. ყველაზე ლამაზ მიმინოდ თეთრი სეფერილობის მიმინო ითველებოდა, ყველაზე სხრატ და მტაცებლად კი – ჩხარტისფერი. ყურადღებას იქცევს დასახელებებიც– დედალ მიმინოს– ნარდი, ხოლო მამალს –გეზელა ექოდებოდა. ნადირობისთვის ყველაზე დიდი უპირატესობა დედალ ფრინველს ენიჭებოდა.
ქართული წყაროების მიხედვით, ჩანს, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და ცხოველი ძვირად ფასობდა, იგი წარმოადგენდა საპატიო საჩუქრის ერთგვარ სახეობას.
ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე). არსებობდა ნადირის შესაკრები სპეციალური ადგილები, სადაც თავს მოუყრიდნენ სანადირო ცხოველის ჯგუფს.
აქტიურ ნადირობასთან ერთად ძველ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული მახე-ხაფანგებით და ბაზით ნადირობა. ნადირობის როლი თავისებურადაა ასახული ხალხურ რწმენა-წარმოდგენებში. ნადირთღვთაებებად ითვლებოდნენ ნადირთანგელოზი დალი, ნადირთ-მწყემსი ოჩოპინტრე და ა. შ. ზოგი ჩვეულება ბუნების დაცვას ემსახურებოდა მაგ., რაჭაში. მონადირეს ეკრძალებოდა ერთ გასვლაზე სამზე მეტი მსხვილი ნადირის მოკვლა. სანადირო ადგილებიც და სეზონიც განსაზღვრული იყო ტრადიციით. წესის დამრღვევ მონადირეს სოფელი სასტიკად სჯიდა, საჯაროდ კიცხავდა და აჯარიმებდა. როცა მონადირე 1000 ნადირს მოკლავდა, თოფს მიწაში ჩამარხავდა და ნადირობას თავს ანებებდა.
მონადირეობა საქართველოში გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს. ასეთივე მრავალფეროვნებით გამოირჩევა ძველი ქართული სანადირო ტერმინოლოგიაც.

No comments:

Post a Comment